რა არის მზის კორონა?

რა არის მზის კორონა?

რა არის მზის კორონა?

მოკლე პასუხი:

მზის კორონა არის მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე ნაწილი. ის ჩვეულებრივ იმალება მზის ზედაპირის კაშკაშა შუქით, რის გამოც მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტებით ან მზის სრული დაბნელების დროს.


როგორ შეიძლება კორონას დანახვა?

ჩვენი მზე გარშემორტყმულია გაზების ფენით, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება, ხოლო კორონა მისი ყველაზე გარე შრეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არსებობს, მზის ზედაპირის ძლიერი ნათება მას ფარავს. მზის სრული დაბნელების დროს მთვარე გადის დედამიწასა და მზეს შორის, რაც ბლოკავს მზის კაშკაშა შუქს და ხდის კორონას ხილვადს, როგორც მბზინავ თეთრ გვირგვინს.

⚠ ყურადღება ! 
მზის სრული დაბნელების დროს მხოლოდ იმ მოკლე ფაზის პერიოდში არის დამცავი საშუალებების გარეშე ყურება უსაფრთხო, როცა მთვარე მთლიანად ფარავს მზეს. სხვა დროს, მზის პირდაპირი დანახვა საფრთხეს უქმნის თვალებს!


რატომ არის კორონა ბუნდოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ კორონა უკიდურესად ცხელია, ის მაინც ბუნდოვანია. ამის მიზეზი ის არის, რომ კორონა მზის ზედაპირთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონჯერ ნაკლები სიმკვრივისაა. დაბალი სიმკვრივე კი მას ნაკლებად კაშკაშას ხდის.

 

რატომ არის კორონა ასე ცხელი?

ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტრონომიული საიდუმლოა! ლოგიკურად, რაც უფრო შორს ხარ სიცხის წყაროსგან, მით უფრო გრილა. მაგრამ მზის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა - კორონა ასჯერ უფრო ცხელია ვიდრე მზის ზედაპირი!

NASA-ს მისია IRIS-მა დააფიქსირა "სითბური ბომბები", რომლებიც მზიდან კორონაში მიემართებიან და იქ ფეთქდებიან, ათავისუფლებენ უზარმაზარ ენერგიას. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი პროცესია, რომელიც კორონას გაცხელებას იწვევს.


კორონალური მარყუჟები და ნაკადები

მზის ზედაპირი დაფარულია მაგნიტური ველებით, რომლებიც კორონას დამუხტულ ნაწილაკებზე ახდენენ გავლენას. ამის შედეგად იქმნება საოცარი სტრუქტურები, როგორიცაა:

  • კორონალური მარყუჟები – ცეცხლოვანი რკალები, რომლებიც მაგნიტური ველის ხაზებს მიჰყვებიან.
  • ბუმბულები და ნაკადები – პლაზმის დინებები, რომლებიც კოსმოსში მიემართება.

ამ ულამაზეს მოვლენებს დეტალურად შეგვიძლია დავაკვირდეთ სპეციალური ტელესკოპებით.


როგორ ქმნის კორონა მზის ქარს?

კორონა ფართოდ ვრცელდება კოსმოსში და წარმოქმნის მზის ქარს – დამუხტული ნაწილაკების ნაკადს, რომელიც მთელს მზის სისტემაში ვრცელდება. კორონას მაღალი ტემპერატურა ამ ნაწილაკებს იმდენად აჩქარებს, რომ ისინი მზის გრავიტაციასაც კი გაურბიან და კოსმოსში გაიტყორცნებიან.

მზის ქარი გავლენას ახდენს დედამიწაზე, პლანეტებზე, თანამგზავრებზე და კოსმოსურ ხომალდებზე. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან კორონას, რათა უკეთ ჩასწვდნენ მზის აქტივობას და მის გავლენას ჩვენს სამყაროზე.

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი